დათვალიერება

კაზუსის ამოხსნის 4 მოდელი ძირითად უფლებებში

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი 9, 2016

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
A5 - რბილი ყდა- 198 გვ.
ქართული
978-9941-9476-5-0

წიგნის აღწერა

რამოდენიმე მეთოდოლოგიური რჩევა ავტორისაგან

კონსტიტუციაში გარანტირებული ძირითადი უფლებები გადმოცემის ზოგადი, აბსტრაქტული მანერით გამოირჩევა. ზოგჯერ კი კონსტიტუციით გარანტირებული ეს ღირებულებები პათეტიკურიც კი გვეჩვენება. მაშინ, როცა ადამიანის ძირითადი უფლებები პრაქტიკაში რეალიზდება, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ იმპლემენტირდება ან სასამართლოს მიერ განიმარტება, აშკარა ხდება, რომ აუცილებელია ძირითადი უფლების დარღვევის შემთხვევების დეტალური შემოწმება. თანამედროვე სამართლის მეცნიერებაში უფლების სავარაუდო დარღვევის შემოწმების (კაზუსის ამოხსნის) რამდენიმე მეთოდი არის დამკვიდრებული. ძირითად უფლებებში კაზუსის ამოხსნა ეფუძნება ლოგიკურ მსჯელობას, არგუმენტაციის სიმყარესა და დასაბუთებულ დასკვნებს.
გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე სამართლის მეცნიერებათა შესწავლა არ ეყრდნობა მხოლოდ წმინდად თეორიული სწავლების მეთოდს. მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია სამართლებრივი საკითხების პრაქტიკული გადაჭრის უნარის განვითარება. სამართლებრივი თეორიების და კონკრეტული რეგულაციების სრულყოფილი ცოდნის მისაღებად აუცილებელია სტუდენტმა იგი კონკრეტული მაგალითების, შემთხვევების დამუშავებისა და გადაწყვეტის პარალელურად შეისწავლოს. სწორედ ამისათვის არსებობს კაზუსის ამოხსნისათვის დადგენილი მეთოდიკა. მისი ცოდნა ხელს უწყობს სტუდენტს ყურადღების მიღმა არ დარჩეს მნიშვნელოვანი და საგულისხმო საკითხები. შემუშავებული მეთოდი მართალია ვერ შეავსებს თეორიული ცოდნის დეფიციტს, მაგრამ იგი დაეხმარება სტუდენტს, რომ მისი ცოდნა გამოყენებული იქნეს სწორად და მივიდეს დასაბუთებულ დასკვნამდე.
კაზუსის ამოხსნისას უპირველეს ყოვლისა საჭიროა კაზუსის ფაბულის (მოცემულობის/პირობის) სწორი და ნეიტრალური გააზრება. ამ ეტაპზე ხდება სამართლებრივი პრობლემის იდენტიფიცირება და არა ამ პრობლემატიკის ინტერპრეტაცია, ანალიზი ან შეფასება მკითხველის მიერ. მისი სათანადო გაგების გარეშე ვერ მოხდება მსჯელობა სწორი მიმართულებით და ვერც საკვანძო კითხვაზე პასუხი იქნება ადექვატური. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძვლიანად იყოს გაგებული თვით კაზუსის ფაბულა, რათა ბოლომდე სწორად წარიმართოს მსჯელობა. ფაბულის სწორად გაგება შესაძლოა ვარაუდის სახითაც დაზუსტდეს. მაგალითად შემდეგი ფორმულირებით: დასადგენია, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას.
მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი კონცენტრირებული იყოს კაზუსში დასმულ საკვანძო კითხვაზე პასუხის განსაზღვრაზე და არა თემის ირგვლივ ზოგად მსჯელობაზე. თუ ამოცანა არასწორად იქნა გაგებული, ბუნებრივია დასკვნა ვერ იქნება მართებული. შესაძლოა კაზუსის ამოხსნა (დასმული კითხვიდან გამომდინარე) სარჩელის მხოლოდ დასაშვებობით შემოიფარგლებოდეს ან კითხვა სადავო ნორმის მხოლოდ ფორმალური კონსტიტუციურობის დადგენას ითხოვდეს. იმ შემთხვევაში თუ კითხვა ზოგადია, (მაგალითად დაადგინეთ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა) კაზუსში, მაშინ პირველ ეტაპზე დგინდება სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში დასაშვებობა, შემდეგ ეტაპზე განხილული უნდა იქნეს იყო თუ არა ჩარევა ძირითადი უფლებით დაცული სფეროში, ბოლოს კი გაანალიზებული იქნეს სადავო ნორმის ფორმალური და მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან თანაზომიერების პრინციპის მიხედვით.
კაზუსის ამოხსნა ძირითად უფლებებში გამოირჩევა იმით, რომ იგი სამართლის სხვა დარგებთან შედარებით ნაკლებადაა ფაქტობრივ გარემოებებზე ორიენტირებული. კაზუსის ამოხსნისას დგინდება ნორმატიული აქტის ფორმალური ან მატერიალური შესაბამისობა კონსტიტუციასთან. ფორმალური შესაბამისობისას განხილულია სადავო (შემზღუდავი აქტის) ფორმალური მხარე. მაგალითად, თუ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს, რომ საკუთრების ჩამორთმევა ორგანული კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს, მოწმდება თუ რამდენად არის ნორმატიული აქტი ორგანული კანონი. გარდა ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს, სასამართლოს მიერ კონსტიტუციით დადგენილი მიღების/გამოცემის ფორმალური წესის და პროცედურების შემოწმებას. მატერიალური შემოწმებისას კი გამოიყენება ე.წ. თანაზომიერების პრინციპი.
კაზუსის ამოხსნის მიზანია სწორედ საბოლოო დასკვნის შედგენა, რომელიც ცალსახად ასკვნის სადავო ნორმის (ან ნორმების) საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად დასაშვებობას და კონკრეტულ, ლოგიკურ არგუმენტებზე დაყრდნობით ადგენს მის კონსტიტუციასთან შესაბამისობას. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო დასკვნაში პასუხი იქნეს გაცემული ყველა საკვანძო კითხვაზე.
იმისათვის, რომ სტუდენტისათვის ტექნიკური თვალსაზრისით მოსახერხებელი და მარტივი იყოს კაზუსზე მუშაობა, აღნიშნულ მეთოდიკას, თან ერთვის საქართველოს კონსტიტუცია, 2016 წლის 1. დეკემბრის მდგომარეობით.

მკითხველის შეფასება

ნანახია 5369 - ჯერ , 3 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები