დათვალიერება

კორპორაციული მართვის სამართლებრივი მოწესრიგება სააქციო საზოგადოებაში

გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 12, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 10.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია იურისტების სამყაროს მაღაზიათა ქსელში, კოსტავას #75 -ში და კეკელიძის #1 -ში 

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა-163 გვ.
ქართული
978-9941-9512-7-5

წიგნის აღწერა

წინასიტყვაობა
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს დისერტაციის ადაპტირებულ ვერსიას. მასში განხორციელებულია შედარებით სამართლებრივი კვლევა, რომელიც ძირითადად ქართულ და გერმანულ კორპორაციულ მართვას მოიცავს. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ასევე განხილულია ავსტრიული და ევროკავშირის მიდგომები. აღნიშნულმა შესაძლებელი გახადა სააქციო საზოგადოების კორპორაციულ მართვასთან მიმართებით სამართლებრივ სისტემებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების დადგენა. რატომ კონკრეტულად ეს სამართლებრივი სისტემები? ქართული საკორპორაციო სამართალი ისტორიულად სწორედ გერმანული სააქციო სამართლის რეცეფციის შედეგია. მიუხედავად ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონში ბოლო დროს შესული, გერმანული საკორპორაციო სამართლისათვის უცხო ცვლილებებისა, აქ კორპორაციული მართვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გერმანული სამართლის გავლენა კვლავაც სახეზეა. ავსტრია ევროპის მასშტაბით ყველაზე უფრო მეტად იზიარებს გერმანული სააქციო სამართლის დებულებებს. ავსტრია ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც კორპორაციული მართვა გერმანული სააქციო კანონმდებლობის საფუძველზე მოაწესრიგა, თუმცა, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ის თვითმყოფადობით ხასიათდება. შესაბამისად აღნიშნული თვალსაზრისით ავსტრიული მოწესრიგების განხილვაც აქტუალურია. რაც შეეხება ევროკავშირს, კორპორაციული მართვის სფეროში მოქმედი საერთო ევროპული დებულებების განხილვა მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს როგორც ევროკავშირის წევრობისაკენ მიმავალ გზაზე მდგომ სახელმწიფოს აცულიებლად მოუწევს კორპორაციული მართვის თანამედროვე ევროპული ტენდენციების გაზიარება. სააქციო საზოგადოების მმართველ და მაკონტროლებელ ორგანოთა მიმართ თანამედროვე სტანდარტების დანერგვა აამაღლებს ქართული კორპორაციული მართვის დონეს. ანუ, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ რა პრობლემებს განიცდის ქართული კორპორაციული მართვა და რომელ განვითარებულ სახელმწიფოთა გამოცდილების გაზიარება წაადგება ქართულ მოდელს ამ პრობლემათა დაძლევის გზაზე. შესაბამისად წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში განხორციელებული კვლევის უმთავრესი მიზანია ქართული კორპორაციული მართვის, სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ და მაკონტროლებელ ორგანოთა (სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის) ეფექტურად ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელ გარემოებათა გამოაშკარავება და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. საკითხის აქტუალობა კორპორაციული მართვის მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. რაც უფრო სრულყოფილია კორპორაციული მართვის მოდელი, ანუ, ეფექტურია საზოგადოების მმართველი და მაკონტროლებელი ორგანოთა საქმიანობა, მით უფრო მეტია სახელმწიფოში ძლიერ ორგანიზაციათა შექმნისა და მათში შემდგომი ინვესტირების შესაძლებლობაც. შეიძლება ითქვას, რომ საკითხს მნიშვნელობას თავად ქართული კორპორაციული მართვის მოდელი სძენს. თანამედროვე ქართულ კორპორაციულ სამართალში საკმაოდ აქტუალურია საზოგადოების ხელმძღვანელ და მაკონტროლებელ ორგანოთა შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხი. სიახლე არაა, რომ ქართული საკორპორაციო სამართლის საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ მწირია, ის არ იძლევა საზოგადოებათა მმართველ, თუ სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა კვალიფიკაციის, ასევე მათი რეალური დამოუკიდებლობის სტანდარტებს, ეს ყოველივე კი პრობლემებს ქმნის ეფექტური კორპორაციული მართვის გზაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ხელმძღვანელობისა და კონტროლის პროცესში არსებული პრობლემები აფერხებს თვითონ საზოგადოებისა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც. კორპორაციათა მართვის პროცესში მოქნილი მექანიზმების დანერგვა და ამ კუთხით განვითარებულ სისტემათა მიდგომების შესწავლა და გაზიარება ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირების საწინდარია. კვლევის შედეგად დადგინდა შემდეგი ძირითადი პრობლემები, რომლებსაც თანამედროვე ქართული კორპორაციული მართვა განიცდის:კორპორაციული მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სიმცირე, როგორც რაოდენობრივი, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით; კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის რეალურად მოქმედების უზრუნველყოფა; ქართული სამეწარმეო კანონმდებლობაში ვერ ვხვდებით სრულყოფილ საკანონმდებლო მოწესრიგებას, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების მართვასა და ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ორგანოებს, რაც თავის მხრივ სრულიად ლეგიტიმურად ბადებს შეკითხვებს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო თუ ხელმძღვანელ ორგანოთა უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. ანუ, თანამედროვე ქართული კორპორაციული მართვა ვერ უზრუნველყოფს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ და სამეთვალყურეო ორგანოთა კომპეტენციათა გამიჯვნის, დამოუკიდებლობის, ასევე მათ პასუხისმგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხების სათანადოდ მოწესრიგებას. არადა ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია სააქციო საზოგადოებაში კორპორაციული მართვის ეფექტური მოდელის ჩამოსაყალიბებლად. საინტერესოა, რომ აღნიშნული თვალსაზრისით ნაშრომში განხილული კორპორაციული მართვის უცხოური სისტემებიც არ გამოირჩევიან აბსოლუტური სრულყოფილებით და გარკვეულ სიძნელეებს ისინიც განიცდიან. თუმცა, განსხვავებით იმავე ქართული მოდელისაგან მათში აშკარად შეინიშნება კორპორაციული მართვის წინაშე მდგომი პრობლემების აქტიურად გადაჭრის ტენდეციები. აღნიშნულ პრობლემათა გადაჭრის გზაზე საქართველოსათვის მნიშვნელოვანია როგორც განვითარებულ სახელმწიფოთა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციათა გამოცდილებათა გეგმაზომიერი და მიზანმიმართული გაზიარება. ეს უთუოდ პოზიტიურად იმოქმედებს ქართულ კორპორაციულ მართვაზე.ნაშრომში გამოყენებულია საკორპორაციო სამართლის სფეროში არსებული, როგორც ქართული, ისე უცხოურენოვანი თანამედროვე ლიტერატურა, გაანალიზებულია სხვადასხვა სახელმწიფოთა ნორმატიული აქტები და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, მათ შორის რეკომენდაციები, დადგენილებები, სტატისტიკური მონაცემები, აგრეთვე ერთმანეთთანაა შედარებული განსხვავებულისამართლებრივი დოქტრინებისა და სასამართლო პრაქტიკის მიდგომები.
ნაშრომის შესრულებისას ძირითადად გამოყენებულია შემდეგი მეთოდები: შედარებითი, თვისობრივი ანალიზის და ემპირიული დედუქციის მეთოდი. კვლევის მეთოდების გამოყენებით განხორციელდა საკვლევ მასალასთან დაკავშირებული მონაცემების, ინფორმაციის მოძიება და მათი სისტემატიზაცია. მოცემულ კვლევაში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მოძიებული მონაცემების ანალიზს და ლოგიკური მეთოდის გამოყენებით, მათი არგუმენტებით დასაბუთებას.წინამდებარე ნაშრომის სტრუქტურა მოიცავს თავებს, რომლებიც თავის მხრივ შედგება ქვეთავებისაგან (პარაგრაფებისაგან) სადაც უფრო დეტალურადაა განხილული თითეული თავის სათაურში დასმული საკითხი. წიგნში სტრუქტურის მიხედვით განხილულია შემდეგი საკითხები (თავები): კორპორაციული მართვის სამართლებრივი მოწესრიგების საფუძველი; სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა კორპორაციულ მართვაში; დირექტორი, მისი დამოუკიდებლობის, კონტროლისა და პასუხისმგებლობის ფარგლები სააქციო საზოგადოებაში. სტრუქტურაში მოცემული თითოეული საკითხი გაანალიზებულია და ნაშრომში კონკრეტულ წინადადებებათა სახითაა გადმოცემული. ნაშრომში ცალკეულ ქვეყანაში მოქმედ კანონის კონკრეტულ ნორმებთან დაკავშირებით ასევე მოცემულია საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ წინადადებები.
სტრუქტურაში დასმული თითოეული საკითხი ნაშრომში მეტ-ნაკლებად სრულყოფილადაა განხილული. სტრუქტურაში ვხვდებით მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა სიღრმისეული გახილვაც აუცილებელია, რათა მიღწეულ იქნას ძირითადი მიზანი. აღნიშნულ საკითხებს გაცილებით უფრო მეტი დრო ეთმობათ განხილვის თვალსაზრისით და ისინი ფართოდაა გავრცობილი. ამდენად წინამდებარე ნაშრომის ფორმატში სტრუქტურაში დასმული თითოეული საკითხი თანაბარი მოცულობით ვერ იქნა განხილული. როგორც უკვე აღინიშნა ძირითადი დრო დაეთმო იმ ასპექტებს, რომლეთა განხილვაც აქტუალობას სძენს ნაშრომს და ემსახურება დასახული მიზნის მიღწევას.
დავით დოლიძე, სამართლის დოქტორი

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 865 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები