დათვალიერება

მაია ივანიძე 50 საიუბილეო კრებული

გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 2, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 0.00

ჩამოტვირთეთ  (PDF) სრული ვერსია.

უფასო ვერსია (PDF)
A5 - რბილი ყდა- 266 გვ.
ქართული
978- 9941 -9476-9-8

წიგნის აღწერა

რედაქტორისგან

თანამედროვე ქართული სისხლის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ღირსეული წარმომადგენელია ქალბატონი მაია ივანიძე. 2017 წლის 14 თებერვალს მას 50 წელი შეუსრულდა, შესაბამისად, წარმოუდგენელი იყო მისი სტუდენტები არ გამოვხმაურებოდით ამ საიუბილეო თარიღს. საყვარელი მასწავლებლისა და უფროსი მეგობრისთვის საიუბილეო კრებულის მიძღვნა, ჩვენთვის, ერთი მხრივ – ძალზე საამაყო, მეორე მხრივ კი – უაღრესად საპასუხისმგებლო ამოცანაა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას ვთავაზობთ ზემოაღნიშნულ თარიღთან დაკავშირებულ გამოცემას.
პროფესორ მაია ივანიძის ღვაწლზე და დამსახურებაზე საუბარი ნამდვილად შორს წაგვიყვანს. 1990 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა, მუშაობა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრაზე. იგი არის არაერთი სახელმძღვანელოსა თუ სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ასევე, უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი ინიციატივითა და თაოსნობით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებაზე შეიქმნა სამეცნიერო წრე – თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება.
პროფესორი მაია ივანიძე რამდენიმე წელია აქტიურად ხელმძღვანელობს იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებას. იგი ამავე მიმართულებასთან არსებული ორი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წევრია. თავად ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებული, დღეს უნივერსიტეტში ქართული სისხლის სამართლის სკოლის ტრადიციების გამგრძელებელია. სისხლის სამართლის მაღალი რანგის სწავლებისთვის ქალბატონი მაიას მადლიერი, დღეს ჩვენთან ერთად, ბევრია. იგი არის სტუდენტთა არაერთი თაობის აღმზრდელი. ასეთი პედაგოგის გვერდით პროფესიული საქმიანობა მის დოქტორანტებსა და სტუდენტებში ერთიორად ამძაფრებს პასუხისმგებლობის გრძნობას. მასთან თანამშრომლობა დიდი ბედნიერება და გამოცდილებაა იმ ურთიერთობის კუთხით, რასაც ჰქვია სტუდენტისა და პროფესორის ურთიერთობა და, არა მარტო, იგი თითოეული სტუდენტის მეგობარი და დიდი გულშემატკივარია.მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის გვერდით აღსანიშნავია მისი პრაქტიკული საქმიანობაც. ქალბატონი მაია გახლდათ ჯერ თბილისის საოლქო სასამართლოს, შემდგომ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო სამართლის კლინიკა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ასევე, საფუძველი ჩაეყარა ბევრ საინტერესო აქტივობას.
ქალბატონი მაია გამოირჩევა არა მარტო თავისი პროფესიონალიზმით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. იმ პერიოდში, როდესაც თითოეული ჩვენგანი პირველად შევხვდით მას, ალბათ, არცერთს წარმოგვედგინა, რომ ამ ადამიანთან, როგორც აკადემიურ სფეროში, ისე ამ სივრცის მიღმა, ასეთი მჭიდრო ურთიერთობა გვექნებოდა. ქალბატონი მაიას მთელი ეს საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ახალგაზრდა თაობას გვასწავლოს ჩვენი პროფესიისა და საქმისადმი ერთგულება, დაგვეხმაროს პიროვნებად ჩამოყალიბებასა და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში. მისი კარიერული ბიოგრაფია და მოღვაწეობა სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის. ყოველივე ეს კი, გვაძლევს იმ ურყევი იმედის გამოხატვის საფუძველს, რომ სამომავლოდ, კიდევ არაერთ საინტერესო წამოწყებას უნდა ველოდოთ მისგან.კრებულში თავმოყრილია ქალბატონი მაიას დოქტორანტებისა და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების სამეცნიერო სტატიები, როგორც სისხლის სამართლის, ასევე, კერძო სამართლის სფეროდან. შემთხვევითი არ არის, რომ მასში წარმოდგენილ ავტორებს გვაერთიანებს ერთი საერთო ნიშანი – მჭიდრო კოლეგიალური და მეგობრული კავშირი იუბილართან. იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნულ კრებულს სერიოზული გამოხმაურება მოჰყვება და დაეხმარება სამართლებრივი პრობლემებით დაინტერესებულ პირებს.
და ბოლოს, ქალბატონო მაია, მიიღეთ ეს კრებული ჩემგან და ამ წიგნის ყველა თანაავტორისგან, როგორც მილოცვა თქვენი 50 წლის იუბილესადმი და მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ.

თამარ მახარობლიძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო
და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩეველი,
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი

მკითხველის შეფასება

ნანახია 951 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები