დათვალიერება

პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულებები

გამოქვეყნების თარიღი: სექტემბერი 1, 2017

უფასო ვერსია

GEL 0.00

წიგნი ხელმისაწვდომია ელექტრონულად.

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა-310 გვ.
ქართული
978-9941-9537-0-5

წიგნის აღწერა

პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უფლებაა. ყველა ადამიანს (ან თითქმის ყველას) აქვს პირადი საიდუმლო, რომლის შესახებაც მას არ უნდა, რომ სხვა ადამიანმა ან მთელმა საზოგადოებამ იცოდეს. ცხადია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ საიდუმლოს დაცვა, რისთვისაც უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები.
ევროპული კონვენციის მერვე მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება – მოიცავს მრავალ საკითხს, რომლებიც, ერთი შეხედვით, არ არის დაცული ამ უფლებით, რადგან პირდაპირ არ მოიხსენიება მის ტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, პირდაპირ არ იყოს ესა თუ ის საკითხი მერვე მუხლში მოხსენიებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ადგენს გარკვეულ სტანდარტებს. კერძოდ, მრავალ სხვა საკითხთან ერთად, კონვენციის მერვე მუხლი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: პატივი და ღირსება, პირადი მონაცემების შეგროვება და მათზე წვდომა, სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოება, ინდივიდის ფოტო- და ვიდეოგამოსახულება, ინდივიდის სახელი და გვარი, აბორტი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სექსუალური ორიენტაცია, სქესობრივი იდენტობა და გენდერი, ბავშვის მოთავსება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ, მეურვეობა და ბავშვთან კონტაქტის უფლება, შვილად აყვანა, დეპორტაცია და ოჯახის გაერთიანება, სატელეფონო თუ სხვა სახის კომუნიკაცია.
ნაშრომის მიზანია, მკითხველს გააცნოს ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და დაეხმაროს მას, პრაქტიკაში უკეთესად გამოიყენოს ეს სტანდარტები და, შესაბამისად, უფრო ეფექტიანად დაიცვას ადამიანის უფლებები ეროვნულ დონეზე.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რომლებიც უნდა იქნეს ყველა ადამიანისათვის უზრუნველყოფილი, არამედ ასევე იმაზე, როგორ უნდა გამოიყენონ შესაბამისმა ორგანოებმა, მათ შორის ეროვნულმა სასამართლოებმა, ეს სტანდარტები. ნაშრომში განმარტებულია ის სამართლებრივი მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობით შესაბამისმა ორგანოებმა და, პირველ რიგში, ეროვნულმა სასამართლოებმა, უნდა შეაფასონ, ექცევა თუ არა სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი კონვენციის მერვე მუხლით დაცულ სფეროში, იყო თუ არა ამ სფეროში ჩარევა და დაირღვა თუ არა მერვე მუხლით გათვალისწინებული უფლება.ნაშრომი ასევე დაეხმარება მკითხველს, რომ შეიცნოს, რა იგულისხმება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში, რა სახის ვალდებულებები წარმოეშობა სახელმწიფოს და როგორ უნდა განიმარტოს კონვენციით გათვალისწინებული ესა თუ ის სტანდარტი. წინამდებარე ნაშრომი გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ, IRZ-ისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) თბილისის ოფისის თანადგომით. წიგნის გამოცემის საქმეში გაწეული დახმარებისათვის გულწრფელი მადლობა გვინდა გადავუხადოთ IRZ-ის თანამშრომლებს: ქალბატონ ნატა სანადირაძეს და ბატონ სულხან გამყრელიძეს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (თბილისი) ხელმძღვანელს, ბატონ ვლადიმერ შკოლნიკოვს. მათი მხარდაჭერა წიგნის გამოცემაში ძალზე დასაფასებელია; ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორს, ლევან ალექსიძესა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ირაკლი ბურდულს წიგნის გამოცემაში გაწეული დახმარებისათვის; უდიდესი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ქალბატონ თამარ გაბელაიას მიმართ, ნაშრომის ენობრივი სიზუსტის შემოწმებისათვის.
ნაშრომი განკუთვნილია როგორც იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის: მოსამართლეებისათვის, ადვოკატების, პროკურორებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
ავტორთა მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს იმ ორგანიზაციების პოზიციას, რომლებშიც ისინი მოღვაწეობენ.
ბესარიონ ბოხაშვილი
კონსტანტინე კორკელია
2017 წლის 1 თებერვალი

 

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 1279 - ჯერ , 2 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები