დათვალიერება

საგადასახადო სამართალი (დამხმარე სახელმძღვანელო) წიგნი მეორე

გამოქვეყნების თარიღი: მაისი 14, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 20.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია იურისტების სამყაროს მაღაზიათა ქსელში, კოსტავას #75 -ში და კეკელიძის #1 -ში და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
B5 - რბილი ყდა-340 გვ.
ქართული
978-9941-9512-4-4

წიგნის აღწერა

გადასახადი წარმოადგენს ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს, რომელსაც კრეფს სახელმწიფო კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. სახელმწიფოს წარმოშობის მომენტიდან გადასახადი საზოგადოების ეკონომიკური ურთიერთობების სავალდებულო რგოლია. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იარსებებს თავისი ფინანსური რესურსების გარეშე. თანამედროვე მსოფლიოში გადასახადი სახელმწიფოს ფინანსური რესურსების ძირითადი წყაროა.
საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შეუფერხებელი დაფინანსება ფინანსური რესურსების სისტემატიურ შევსებას საჭიროებს, რაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადებისა გადახდის ხარჯზე. გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან გადაიხადონ საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადები დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადებში.
გადასახადის გადამხდელები გადასახადებს, მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ხშირად არადროულად ან არასრულად იხდიან. საბაზრო ურთიერთობების პირობებში ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში შექმნილ ახალ საწარმოებს ცალკეულ შემთხვევაში ბუღალტრული აღრიცხვის დარგში არ ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტები, რის შედეგადაც ადგილი აქვს საგადასახადო აღრიცხვაში დაშვებულ შეცდომები. გარდა ამისა, ხშირია სააღრიცხვო მონაცემების შეგნებულად დამახინჯების შემთხვევებიც. დღეისათვის შესაძლებელია გადასახადისაგან თავის არიდება როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური, ე.ი. კანონით აკრძალული საშუალებებით. საგადასახადო კანონმდებლობის განზრახი ან გაუფრთხილებელი დარღვევა ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების შემცირებას იწვევს. სახელმწიფოს ამოცანაა უზრუნველყოს ყველა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა და შესაბამისი დონის ბიუჯეტში გადასახადების სრული და თავისდროული გადახდა. ამ ამოცანის გადაწყვეტა, უპირველეს ყოვლისა, საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მეშვეობით ხორციელდება.თანამედროვე პირობებში სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოების მყარი ფინანსური საფუძვლის შექმნა, ყველა დონის ბიუჯეტის დროული და სრული ფორმირება შეუძლებელია ისეთი ეფექტური საგადასახადო სისტემის შექმნის გარეშე, რომელიც მიწოდებული იქნება უზრუნველყოს სახელმწიფოს ფინანსური ინტერესები და ამავდროულად დაიცვას გადასახადის გადამხდელის უფლებები. კანონით დადგენილი გადასახადების გადახდის კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ეფექტური საგადასახადო კონტროლის პროცედურებით, აგრეთვე შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომებით.
საგადასახადო კონტროლისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის, აგრეთვე საგადასახადო დავის გადაწყვეტის სრულყოფის გზების განსაზღვრა დღეისათვის საკმაოდ აქტუალური საკითხია, ვინაიდან უმეტესწილად სწორედ აღნიშნული ურთიერთობების ფარგლებში წარმოებს სახელმწიფოს ფინანსური ინტერესების რეალიზაცია. საგადასახადო კონტროლისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის, აგრეთვე საგადასახადო დავის მარეგულირებელ ნორმებზე ბევრადაა დამოკიდებული ქვეყნის საგადასახადო სისტემის ეფექტურობა. სწორედ ამიტომ, საგადასახადო კონტროლისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის, აგრეთვე საგადასახადო დავის გადაწყვეტის საკითხების შესწავლა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, მითუმეტეს, რომ აღნიშნული საკითხები ნაკლებად არის შესწავლილი მეცნიერი იურისტების მიერ და სამეცნიერო ლიტერატურაში მათ ნაკლები ყურადღება ეთმობათ. საგადასახადო კონტროლისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის სამართლებრივი ბუნების განსაზღვრა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა აქტუალურია გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვისათვის სრულყოფილი სამართლებრივი საფუძვლების შესაქმნელად.სახელმძღვანელოს მიზანია საგადასახადო კონტროლთან, საგადასახადო პასუხისმგებლობასთან, აგრეთვე საგადასახადო დავასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა, საგადასახადო კონტროლისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის შესახებ არსებული თეორიული მასალის საფუძველზე მათი მარეგულირებელი ნორმების განხილვა და ანალიზი, აგრეთვე სამართლებრივ ასპექტებში საგადასახადო კონტროლისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის თეორიული საკითხების შესწავლა და თანამედროვე პირობებში საგადასახადო კონტროლისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის სრულყოფის მიმართულების განსაზღვრა.
სახელმძღვანელოში განიხილულია საგადასახადო კონტროლის ცნება და პრინციპები, საგადასახადო კონტროლის ფორმები, მეთოდები და სახეები, საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები, საგადასახადო პასუხისმგებლობის ცნება და ნიშნები, საგადასახადო სამართალდარღვევის არსი და მისი ძირითადი ნიშნები, საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები, საგადასახადო დავასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები, ასევე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები და გაკეთებულია დასკვნები მათი სრულყოფის შესახებ.

მკითხველის შეფასება

ნანახია 1747 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები