დათვალიერება

ქართული ეკონომიკური სისხლის სამართლის ევროპეიზაცია

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 15, 2017

უფასო ვერსია

GEL 0.00

წიგნი ხელმისაწვდომია ელექტრონულად.

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა-230 გვ.
ქართულ-გერმანული
978-9941-9512-5-1

წიგნის აღწერა

სამეცნიერო რედაქტორებისგან
2016 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება. 740 გვერდიანი დოკუმენტი, რომელსაც 2014 წლის 21 მარტს ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი, წინგადადგმული ნაბიჯია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. შეთანხმების მიზანი არამხოლოდ დემოკრატიის გაძლიერება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვაა, არამედ ასევე ბაზრების გახსნა და ევროკავშირის სამართლებრივი და ეკონომიკური სტანდარტების აღიარება. ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და რეგულაციების ჰარმონიზაციის შედეგად საქართველოს ინტეგრაცია შიდა ევროპულ ბაზარზე არსებითად გაადვილდება. ამ ყველაფრის მეშვეობით ქართულ საწარმოებს ევროკავშირში ბაზრის გაფართოების შესაძლებლობა ექნებათ, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ეკონომიკური სტანდარტების დაკმაყოფილება მოითხოვს ასევე ეკონომიკური სისხლის სამართლისთვის დადგენილი მოთხოვნების იმპლემენტაციას, რომლებიც არაერთ შეთანხმებაში, ჩარჩო-გადაწყვეტილებაში, სახელმძღვანელო პრინციპში თუ ნორმატიულ აქტშია ასახული. გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომლებიც პირდაპირ სისხლისსამართლებრივ ჰარმონიზაციას ეხებიან, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული სტანდარტები ბევრ სხვა ევროპულ აქტში არის ჩადებული.
2016 წლის 4 და 5 ნოემბერს კრებულის რედაქტორებმა ორგანიზება გაუწიეს პირველ კონფერენციას ქართული ეკონომიკური სისხლის სამართლის ევროპეიზაციასთან დაკავშირებით. კონფერენციას მხარს უჭერდა როგორც „საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი“ (IRZ),
ასევე საქართველოს უნივერსიტეტი. ღონისძიებაში ჩართული იყო ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი (საქართველოს უნივერსიტეტი), ასევე სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტი (კიოლნის უნივერსიტეტი). საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მაღალი დონის გერმანელი და ქართველი ექსპერტები. კონფერენციის მიზანი იყო ფუნდამენტური საკითხებისა და ცალკეული სფეროების ევროპეიზაციის ჭრილში განხილვა, მომავალი კვლევის საჭიროების გაჟღერება და ევროპეიზაციის განხორციელებისთვის იმპულსის მიცემა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ქართული და გერმანული პრესითაც გავრცელდა.
მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა წინამდებარე კრებულის საშუალებით ფართო აუდიტორიას ექსპერტების მოხსენებები წარვუდგინოთ. ტექსტები კრებულში შესულია უშუალოდ მოხსენების ენაზე – გერმანული ან ქართული, თუმცა, თითოეულ მათგანს ახლავს რეზიუმე მეორე ენაზე. კრებულის გამოცემასთან ერთად ვიმედოვნებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია ეკონომიკურ სისხლის სამართალშიც წარმატებით განხორციელდება და ყოველივე ამის შედეგად საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობა პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად უფრო მჭიდრო ხასიათს მიიღებს.
ბაჩანა ჯიშკარიანი
მარტინ პაულ ვასმერი

 

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 332 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები