დათვალიერება

ქართული სასამართლო მედიაციის შედარებითი ანალიზი

გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 25, 2017

გასაყიდი ფასი

GEL 12.00

წიგნის შეძენა შესაძლებელია იურისტების სამყაროს მაღაზიათა ქსელში, კოსტავას #75 -ში და კეკელიძის #1 -ში და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მაშტაბით.

უფასო ნიმუში
A5- რბილი ყდა-242 გვ.
ქართული
978-9941-9537-3-6

წიგნის აღწერა

წინასიტყვაობა
ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ამ წიგნის წინასიტყვაობის დაწერა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია და ამას თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს. ეს წიგნი ფაქტობრივად ჩემს თვალწინ შეიქმნა. ჯერ კონტურები გამოიკვეთა და შემდეგ ნელ ნელა მიიღო ის სახე, რომლითაც მკითხველთა სამსჯავროს წინაშე უნდა წარსდგეს. თითქმის მთელი 2011 წელი გერმანიაში გავატარე და ალბათ
ამიტომ დამამახსოვრდა ზაფხულში ჩემს ტელეფონზე შემოსული  ზარი. თანამოსაუბრემ თავი ძალიან ზრდილობიანად წარმომიდგინა და მედიაციასთან დაკავშირებული დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელობა მთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე წულაძეს არ ვიცნობდი, მაინც უყოყმანოდ დავთანხმდი. მედიაცია მაშინ ახალი ხილი იყო და სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის მსურველი ადამიანი როგორც მინიმუმ ყურადღებას და მხარდაჭერას იმსახურებდა. თბილისში მოგვიანებით გაგრძელებულ მუშაობას გერმანიაში ერთობლივი სამეცნიერო მივლინება მოჰყვა. 2013 წლის ზაფხულის უდიდესი ნაწილი ამ წიგნის ავტორთან ერთად მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში (ჰამბურგი, გერმანია) გავატარე. დრო და გარემო ყველანაირად უწყობდა ხელს ცალკეული დეტალების გარეშემო დისკუსიებს, რასაც თითქმის ყოველ საღამოს ვმართავდით. თუმცა, ავტორის სწრაფვა სიახლეების ძიებისაკენ ამით არ ამოწურულა. შემდგომ იყო სტაჟირება კოლუმბიის უნივერსიტეტში და დავის გადაწყვეტის ინდუსტრიაში უმსხვილესი კომპანიის “ჯემსის” პრესტიჟული სტიპენდია. “ჯემსმა” ალექსანდრეს საშუალება მისცა მედიაცია უშუალოდ მოქმედებაში ენახა და დაჰკვირვებოდა მის თვისებებს. ვინც დავის ალტერნატიული გადაწყევტის საშუალებებისადმი ამერიკელთა დამოკიდებულებას იცნობს, მისთვის რთული არ იქნება ამ წიგნში “ამერიკული გავლენის” აღმოჩენა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვა “გავლენა” მისი ყველაზე პოზიტიური მნიშვნელობით შეიძლება გავიგოთ და გამოვიყენოთ. წარმოდგენილი ნაშრომი ქართულ ენაზე შესრულებული პირველი დისერტაციაა მედიაციაში და ეს ფაქტი თავისთავად უსვამს ხაზს მის განსაკუთრებულობას. სპეციალურად უნდა აღინიშნოს, რომ ავტორმა დეტალურად შეისწავლა ყველა ანგარიში, დასკვნა თუ მოხსენება, რომელიც საქართველოში მედიაციასთან დაკავშირებით მომზადებულა. ეს კი თავისთავად დაეხმარა ნაშრომს დასმული პრობლემის სხვადასხვა პერსპექტივიდან კრიტიკულ წარმოჩენაში.
წიგნში საინტერესოდ და მრავალმხრივად არის დახასიათებული ყველა ის კომპონენტი, რაც მედიაციის მოდელის ფორმირებისათვის არის აუცილებელი. ავტორი შეეცადა სასამართლო სისტემაში
მუშაობისას შეძენილი მდიდარი გამოცდილება და ქართული სპეციფკის ცოდნა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან შეეპირისპირებინა. კვლევის შედეგად მიღებული შედეგი იმითაც არის გამორჩეული, რომ ალეკო თვითონვე ცდილობს მის მიერ აღწერილი და დამუშავებული მოდელის ცალკეული
ელემენტების სასამართლოს ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვას. ბოლოსთვის ისღა დამრჩენია, რომ წარმატებები ვუსურვო როგორც ამ წიგნს, რომელიც თავის მკითხველთან ერთად დამოუკიდებელ
ცხოვრებას იწყებს, ასევე მის ავტორს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ განაგრძობს ამ მიმართულებით
სიღრმისეულ მუშაობას და თავის წვლილს შეიტანს არც თუ ისე მდიდარი ქართული დოქტრინის წინსვლასა და განვითარებაში.

გიორგი ცერცვაძე
თბილისი 2017 წელი

 

მკითხველის შეფასება

ნანახია 1694 - ჯერ , 3 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები