+ დათვალიერება

შედარებითი კონსტიტუციური სამართალი

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 28, 2014

გასაყიდი ფასი

GEL 22.00

ჯერ არ შეგიძენიათ? ჩამოტვირთეთ უფასო ნიმუში (PDF) ყდითა და სარჩევით.

უფასო ნიმუში
B6, რბილი ყდა, 480 გვ.
ქართული
978-9941-9355-8-9

ავტორისგან

კონსტიტუციური სამართალი ზოგადად იურისპრუდენციის ”საგნის თავია”, თავად
კონსტიტუცია კი სამართლის სისტემის საწყისი პუნქტი და ნებისმიერი დავის გადამწყვეტი
არგუმენტია. კონსტიტუცია, როგორც თავისი დროისა და ეპოქის არტეფაქტი, ამავდროულად,
მომავლის საგარანტიო კანონიცაა, რომელიც გადაულახავ ზღუდედ უნდა
იქცეს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისაგან დასაცავად. კონსტიტუციური კულტურისა
და კონსტიტუციური აზროვნების განვითარებას კი წარუვალი მნიშვნელობა
ენიჭება ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ასევე პიროვნულობისა და მოქალაქეობრიობის
ჩამოყალიბებაში.

ამ უმნიშვნელოვანესი მიზნების მისაღწევად ასწლეულების მანძილზე შრომობდნენ
მსოფლიოს საუკეთესო იურიდიული გონები, რომელთა მიზანიც იყო კონსტიტუციური
სამართლის ძირითადი დებულებების, მისი სისტემის ახსნა და კონსტიტუციური ტრადიციების
დამკვიდრება. შესაბამისად, ამ თემას დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში მიძღვნილი
აქვს კლასიკური შრომები, – ასეთ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ახალი ნაშრომის შექმნა
ამავე თემაზე, გამართლებულია მაშინ, თუ წიგნის ავტორმა შეძლო ახალი სიტყვის თქმა,
რომელიც არ თქმულა ან ვერ იქნა შემჩნეული წინა მკვლევარების მიერ, – სავარაუდოდ, ვერ
შევძელით ამ შესანიშნავი შეგონების გათვალისწინება, ჩვენი ”გადაცდომის” შემამსუბუქებელი
გარემოება კი რამდენიმეა.

კონსტიტუციური სამართლის ძირითადი დებულებების ირგვლივ ერთიანი მიდგომა
ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული და დისკუსია ამ თემებზე კვლავაც გრძელდება. ამას
ემატება ქართულ ენაზე შექმნილი კონსტიტუციური ლიტერატურის სიმწირეც. კონსტიტუციონალიზმის
პრინციპები აქტუალობას არ კარგავს საქართველოსათვის, რომელიც
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე სახელმწიფოს მოდელის (იგულისხმება
როგორც მმართველობის, ასევე ტერიტორიული მოწყობის ფორმა) ძიებაშია, ამას მოწმობს
ჩვენს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, სულ ახლახან, კიდევ ერთი
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა. შედარებითი მეთოდის გამოყენებით,
სახელმწიფო წყობილების ძირითადი მოდელების შესწავალა ტრანსფორმაციის ეტაპზე
მყოფი ქვეყნისათვის ფრიად სასარგებლო შეიძლება იყოს, და დაგვეხმაროს ორგანული
სახელმწიფო მოწყობის მოძიებაში, ფრანც ფონ ლისტის (Franz von Liszt) შენიშვნით ხომ
შედარებითი სამართალი მარტივად გადაიქცევა ”სამართლიან სამართლადაც”.

წიგნში კონსტიტუციური სამართლის ძირითადი ინსტიტუტების კვლევა ჩატარებულია
პარადიგმული მეთოდით, ანუ მის ტიპურ მაგალითებზე დაყრდნობით, რაც გვაძლევს
თავისებურ კოეფიციენტს სახელმწიფო წყობილების ძირითადი მოდელების შესაფასებლად.
ამასთანავე, ვეცადეთ მოცულობითი იურიდიული მასალა გაგვეხილა თვალსაჩინოდ
და ლაკონიურად, ისე, რომ არ დაგვეკარგა ამ სამეფო მეცნიერებისათვის დამახასიათებელი
დიდებულება. ნაშრომი დიდად დავალებულია კონსტიტუციური სამართლის
კლასიკურ მემკვიდრეობისაგან, რომლის საუკეთესო ნიმუშებიც, თანამედროვე კონსტიტუციურ
მიმდინარეობებთან ერთად, უხვად იქნა გამოყენებული. კვლევას ასევე წაადგა,
საქართველოს დავით აღმაშენებლისა და კავკასიის უნივერსიტეტებში ”შედარებით კონსტიტუციურ
სამართალში” ჩვენ მიერ წაკითხული კურსიდან მიღებული გამოცდილებაც.

საბოლოოდ, ჩვენი ჩანაფიქრით, ამგვარი მეთოდით შექმნილი წიგნი, სასარგებლო
უნდა იყოს თემის შესწავლისათვის, მან ხელი უნდა შეუწყოს ანალიტიკური აზროვნების
გამომუშავებასა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი პოლიტიკის ძირითადი საკითხების
ათვისებას.

ნებისმიერი შენიშვნა ან კრიტიკული მოსაზრება სიამოვნებით იქნება გათვალისწინებული.
ჩემს მოკრძალებულ შრომას კი ვუძღვნი მამის ძვირფას ხსოვნას.

გიორგი გოგიაშვილი

1 მარტი, 2014 წელი

მკითხველის შეფასება

ნანახია 1589 - ჯერ , 3 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები