+ დათვალიერება

სისხლის სამართლის პროცესი – ზოგადი ნაწილის მიმოხილვა

გასაყიდი ფასი

GEL 0

A5, რბილი ყდა, 354 გვ.
ქართული
978-9941-9354-4-2

ავტორისგან

უკანასკნელ წლებში საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის
გზაზე არაერთი დემოკრატიული რეფორმა განახორციელა,
მათ შორის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
სფეროში. `ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში~ საქართველოს
ჩართვის შემდეგ, იგი გამუდმებით ცდილობს დაუახლოვოს
საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის ნორმებს და სტანდარტებს.
ამ მხრივ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ადამიანის
უფლებების და ფუნდამენტური უფლებების დამცველი
დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოს
მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად,
რაშიც სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან ერთად
სისხლის სამართლის საპროცესო ინსტიტუტების ახლებურად
განსაზღვრაც მოიაზრება. რამდენადაც სისხლის სამართლის
საპროცესო კანონმდებლობა წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიულობის
მნიშვნელოვან საზომ ინსტრუმენტს, დღის წესრიგში
დადგა ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანამედროვე,
ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული საპროცესო
კანონმდებლობით ჩანაცვლება. ამ მიზნით შემუშავებულ იქნა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე პროექტი.
თავდაპირველად შემუშავებულ იქნა სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის პროექტი, რომელიც ახლოს იდგა კონტინენტური
ევროპის ქვეყნებში მოქმედ სისხლის სამართლის
საპროცესო კანონმდებლობასთან და კარგად პასუხობდა ევროპულ
სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, განმეორებით მოხდა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის შემუ-
შავება, რომელიც განსხვავებით წინა პროექტისგან, ორიენტირებულია
ანგლოსაქსონური სამართლებრივი სისტემის მქონე
ქვეყნებში მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაზე
და ამდენად იზიარებს ე.წ. `ადვერსატორული~, `მხარეთა~
პროცესის ტრადიციებს. კანონმდებელმა 2009 წლის 9
ოქტომბერს მიიღო ეს უკანასკნელი პროექტი, რომელიც ამოქმედდა
2010 წლის 1 ოქტომბერს.

ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს საფუძვლად
უდევს ისეთი პრინციპები, როგორებიცაა სამართლიანი
პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება, მხარეთა თანასწორობა
და შეჯიბრებითობა, მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად
გამოკვლევა, სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობა
და სხვ. კოდექსის სიახლეს წარმოადგენს `ბრალდებულის~
ერთიანი დეფინიციის ჩამოყალიბება და ბრალდებულის
სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, დისკრეციული
სისხლისსამართლებრივი დევნის დანერგვა და მისი ალტერნატიული
ფორმების განვითარება (განრიდება, მედიაცია), ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემოღება, გამოძიების
ეტაპზე გამომძიებლისთვის ან პროკურორისთვის მოწმის მიერ
ჩვენების მიცემის სავალდებულობის გაუქმება, დაზარალებულის
სამართლებრივი მდგომარეობის ახლებურად განსაზღვრა.
კოდექსის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს აგრეთვე მტკიცებითი
სტანდარტების დანერგვა და მტკიცებულებების დასაშვებობის
ახლებური კრიტერიუმების დადგენა.

აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს იმ სასწავლო/
სალექციო მასალის გადამუშავებულ და განვრცობილ ვარიანტს,
რომელსაც 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე ამონარიდების
სახით ვაძლევდი ჩემს სტუდენტებს, რაც მათ ნაწილობრივად
უწევდა დახმარებას სისხლის სამართლის პროცესის სასწავლო
კურსის გავლაში და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
ცალკეული ინსტიტუტების შესწავლაში. სასწავლო მასალა
ვრცელდებოდა ელექტრონულად სხვადასხვა ვებგვერდების
მეშვეობით და ამდენად, იგი ხელმისაწვდომი იყო სტუდენტების
ფართო წრისთვის. სახელმძღვანელო სთავაზობს მკითხველს
სისხლის სამართლის პროცესის ზოგადი ნაწილის მიმოხილვას.
მასში მიმოხილულია ის ძირითადი პრინციპები, რომლებზეც თანამედროვე
ქართული სისხლის სამართლის პროცესი ბაზირებს.
სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს. მიუხედავად იმისა,
რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად,
პოლიცია არ წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს,
სახელმძღვანელოში გარკვეული ადგილი მაინც აქვს
დათმობილი პოლიციის როლს სისხლის სამართლის პროცესის
ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს, რომლებიც
გადიან სისხლის სამართლის პროცესის სალექციო კურსს, გააჩ8
ნდეთ მინიმალური ინფორმაცია პოლიციის ამოცანებისა და
ფუნქციის შესახებ. სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება
გამახვილებულია მტკიცებითი სამართლის ძირითად
ასპექტებზე. მასში გადმოცემულია თანამედროვე სისხლის საპროცესო
სამართალში განვითარებული ის ძირითადი თეორიები,
რომლებიც გამოიყენება მტკიცებულებათა დასაშვებობის
საკითხის გადაჭრისას. მიმოხილულია აგრეთვე ის ცალკეული
შემთხვევები, სადაც სადავო და პრობლემატურია მოპოვებული
მტკიცებულებათა ბედის გადაწყვეტა. რამდენადაც მოქმედი
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა მტკიცებულებათა
დასაშვებობის ნაწილში იყენებს აშშ-ს სისხლის საპროცესო
სამართალში განვითარებულ წესებს, საკითხზე მსჯელობისას
გამოყენებულია აშშ-ს სასამართლო პრაქტიკა. სახელმძღვანელოში
სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით გაანალიზებულია
აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებები.

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტის, ამერიკის იურისტთა
ასოციაციის `სერთიფიცირებულ ტრენერს სისხლის
სამართლის პროცესში~ – ექსპერტ ბატონ გიორგი გიორგაძის
(რედაქტორი) მიმართ, რომლის მიერ გამოთქმულმა კრიტიკულმა
მოსაზრებებმა, საინტერესო შენიშვნებმა და წინადადებებმა
ხელი შეუწყო სახელმძღვანელოს სრულყოფას.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქ. მარნეულის რაიონული
პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილეს
ბატონ, ელიზბარ გოგრიჭიანს სისხლის სამართლის პროცესის
აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე საინტერესო დისკუსიებისთვის,
პრაქტიკული რჩევებისა და გასაზიარებელი წინადადებებისთვის.

გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო საერთაშორისო
სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა
(IRZ) და საქართველოში მისი კოორდინატორის, ბატონ სულხან
გამყრელიძის მიმართ, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც
მოხდა ამ სახელმძღვანელოს გამოცემა.

მიუხედავად სახელმძღვანელოს მომზადებაზე გაწეული
ძალისხმევისა, იგი მაინც ვერ იქნება დაზღვეული გარკვეული
ხარვეზებისგან. მოხარული ვიქნები, თუ მკითხველი სახელმძღვანელოს
წაიკითხავს კრიტიკული თვალით და მასში განხილული
საკითხების ირგვლივ გამიზიარებს საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებებს
და შენიშვნებს, ასევე მომაწვდის საინტერესო წინადადებებს
მომდევნო გამოცემის სრულყოფისთვის (ელფოსტა:
gtumanishvili@gmail.com).

სახელმძღვანელოში გამოყენებული ნორმატიული მასალა
გათვალისწინებულია 2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით.

გიორგი თუმანიშვილი, LL.M. (Berlin)

სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
თბილისი, 2014 წლის სექტემბერი

მკითხველის შეფასება

Leave a Reply

Rate this by clicking a star below:

ნანახია 591 - ჯერ , 1 ნახვა დღეს

მსგავსი პროდუქტები